კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის“ თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამო, სასჯელაღსრულების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის გადადგომას მოითხოვს.
როგორც დავით ლილუაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, საზოგადოებამ საინფორმაციო საშუალებებით პატიმართა ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის შესახებ შემზარავი და შოკისმომგვრელი კადრები იხილა.
განცხადების თანახმად, უფლებადამცველები პენიტენციალურ სისტემაში სწორედ ასეთი სადისტური ფაქტების შესახებ წლების განმავლობაში აკეთებდნენ მწვავე განცხადებებს და საპროტესტო აქციებს აწყობდნენ.
„სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა უმოწყალოდ ცემა, გაუპატიურება და მოკვდინება, ბაჩო ახალაიას მიერ დანერგილი მეთოდია, ამიტომ კალმახელიძესთან ერთად პასუხი ახალაიამაც უნდა აგოს. უფლებადმცველებმა არ უნდა შევწყვიტოთ პროტესტი მანამ, სანამ კალმახელიძისა და ახალაიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება“ - აცხადებს ლილუაშვილი.
მისივე თქმით, დამნაშავეებმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ და მართლმსაჯულების წინაშე წასდგნენ.
შსს-მ გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალა გუშინ გაავრცელა. კადრები გავრცელდა ასევე, ტელეკომპანია „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ ეთერშიც, სადაც პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებია ასახული. „მე-9 არხის“ კადრები 2011 წლის მაისშია გადაღებული.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კამლახელიძემ თანამდებობიდან გათავისულების მოთხოვნით, პრემიერ-მინისტრს უკვე მიმართა. თანამდებობიდან უკვე გათავისუფლებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი დავით ჭაკუა.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისსსა და სხვა ქალაქებში წუხელ, გვიან ღამით საპროტესტო აქციები გაიმართა. პატიმართა მხარდასაჭერი აქცია დღეს ფილარმონიასთან 12:00 საათიდან განახლდება.

















