საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.
როგორც „ნიუსპრესს“ საია-დან აცნობეს, ნაშრომის - „კენჭისყრის დღე - რეკომენდაციები მედიისთვის“ მიზანი მედიის წარმომადგენლებისა და დაინტერესებული პირებისთვის კენჭისყრის დღის შესახებ სავალდებულოდ შესასრულებელი ნორმების მითითება და განმარტებაა.
დოკუმენტი ორი ნაწილისგან შედგება. 1-9 პუნქტები კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ საკანონმდებლო რეგულაციებს ეთმობა, ხოლო 10-11 პუნქტები მედიის, როგორც დამკვირვებლის სტატუსის განმარტებას და მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს მოიცავს.
ამასთანავე, საია პრაქტიკული გამოცდილებიდან რეკომენდაციებსაც წარადგენს.
დოკუმენტი საია-ს იურისტების ირმა პავლიაშვილისა და ნათია კაპანაძის მიერაა მომზადებული.
საია-ს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი მედიის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო საკითხების გაშუქების პროცესში სამართლებრივი დახმარების მზადყოფნას გამოთქვამს.
საია-ს რეკომენდაციის ნახვა ვებ-გვერდ www.gyla.ge-ზეა შესაძლებელი.

















