სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში საზოგადოებრივი მისაღების ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც „ნიუსპრესს“ სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, ვებ-გვერდი www.public.mcla.gov.ge პენიტენციურ სისტემასთან მსჯავრდებულთა ოჯახების წევრების, უფლებადამცველებისა და სხვა დაინტერესებული პირების მარტივი ურთიერთობისა და არსებულ სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა.
სამინისტროს ინფორმაციით, პროცედურების კიდევ უფრო გასამარტივებლად, ვებ-გვერდზე მსჯავრდებულთან პაემანზე ონლაინ რეგისტრაცია, საჭირო განცხადების ფორმის ჩამოტვირთვაა შესაძლებელი. დამატებითი სერვისის სახით ფუნქციონირებს ასევე, იურიდიული კონსულტაციის ონლაინ სერვისი და ონლაინ ჩატი.
საზოგადოებრივი მისაღების ვებ-გვერდზე ვიზიტორთა მომსახურების, საზოგადოებრივი მისაღებების ამოქმედებისა და საზოგადოებრივი კონსულტანტების მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაციაა განთავსებული.
ხელმისაწვდომია ინფორმაცია მსჯავრდებულებისთვის არსებული სერვისების, პატიმრების უფლებებისა და დაწესებულებაში ვიზიტის წესების შესახებაც.
პენიტენციური სისტემის რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივი მისაღები უკვე №8, №18, №15, №19, №16 და №17 დაწესებულებებთან ფუნქციონირებს. ეტაპობრივად კი, სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებასთან ამოქმედდება.

















