საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა დაუშვებლად მიაჩნია.
როგორც „ნიუსპრესს“ საია-დან აცნობეს, 13 სექტემბერს ფოთის მშენებარე ტაძრის ეზოში ინტერვიუს ჩასაწერად მისულ ინტერნეტგამოცემა TSpress.ge-ს რედაქტორს ელისო ჯანაშიასა და ჟურნალისტ იზა სალაყაიას მეუფე გრიგოლმა და სხვა სასულიერო პირებმა გადაღების საშუალება არ მისცეს.
საია-ს ინფორმაციით, ელისო ჯანაშია აცხადებს, რომ სასულიერო პირებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, კამერა ძალის გამოყენებით წაართვეს და ძირს დაუგდეს.
„ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, როგორც საქმიანობის განხორციელების ხელისშეშლის, ისე ქონების დაზიანების შესახებ ვიდეოჩანაწერით დასტურდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საპასუხოდ გავრცელებულ წერილში სასულიერო პირი ინციდენტის დეტალებს უარყოფს და მომხდარში ბრალს ჟურნალისტს სდებს“- აცხადებენ საია-ში.
მათივე თქმით, გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი საფუძველია, მოიცავს პირის უფლებას, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.
საია-ში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია როგორც საერო, ისე სასულიერო პირები თავისი საქმიანობისას, ითვალისწინებდნენ და პატივს სცემდნენ ჟურნალისტის პროფესიას და როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში.

















