საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასამართლოს წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
როგორც „ნიუსპრესს“ასოციაციიდან აცნობეს, საია „საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტს“ იურიდიულ დახმარებას უწევს, რომლის ანგარიშებიც თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გაურკვეველი მოტივითაა დაყადაღებული.
საია-ს ინფორმაციით, მათ ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს დადგენილება მოითხოვეს, რაზეც სასამართლომ უარი განაცხადა.
„აღნიშნულ მოთხოვნაზე სასამართლომ უკანონოდ გვითხრა უარი, რაც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან ადმინისტრაციული საჩივრით გავასაჩივრეთ. ჩვენი საჩივარი სასამართლოს მენეჯერს დაეწერა და მისი გადაწყვეტილებით კვლავ უარი გვითხრეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე“ - აცხადებენ საია-ში.
მათივე თქმით, ამჟამად, სარჩელს სასამართლოს წინააღმდეგ შეიტანენ, სადაც იმ დადგენილებებისა და შესაბამისი დოკუმენტების გადაცემას მოითხოვენ, რითაც ინსტიტუტის საბანკო ანგარიშს ყადაღა დაედო.
„საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის“ ანგარიშები საქალაქო სასამართლომ ივლისში დააყადაღა. სასამართლოს ინსტიტუტის წარმომადგენლებისთვის ყადაღის მიზეზი დღემდე არ განუმარტავს.

















