სასჯელაღსრულების სამინისტრო მსჯავრდებულ ცოტნე გამსახურდიას მიმართ რაიმე სახის ზემოქმედების თაობაზე ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მსჯავრდებულ ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ იმისათვის, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია საზოგადოებას აცნობოს ინფორმაცია ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობასთან დაკავშირებით.
„თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტრო მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს, რათა სასჯელაღსრულების სისტემაში თანასწორუფლებიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ნებისმიერი პაციენტისათვის, ისევე როგორც ცოტნე გამსახურდიასათვის, გარანტირებული იყოს დაავადების ადეკვატური მკურნალობა და თითოეულ პაციენტს ემსახურებოდეს პირადი ექიმი“ - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, მიუხედავად აღნიშნულისა, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, №17 თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულმა ცოტნე გამსახურდიამ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა, თუმცა, შემდეგ მან უარი განაცხადა მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გეგმურ გამოკვლევებზე გადაყვანასთან დაკავშირებით.
სასჯელაღსრულების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ შიმშილობის გამოცხადების შემდგომ, მსჯავრდებული კანონის ფარგლებში გადაყვანილ იქნა არა ე.წ. „კარცერში“, როგორც ამას მსჯავრდებულის უფლებადამცველი აცხადებს, არამედ განცალკევებით, მუდმივი სამედიცინო ზედამხედველობის მიზნით, რაც მოშიმშილე პატიმრის ინტერესებიდან გამომდინარეობს.
„სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას მსჯავრდებულ ცოტნე გამსახურდიას მიმართ რაიმე სახის ზემოქმედების თაობაზე. მიმდინარე წლის 11 სექტემბერს დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების მიზნით მსჯავრდებული ცოტნე გამსახურდია გადაყვანილ იქნა სამკურნალო დაწესებულებაში“ - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და საჭიროების შემთხვევაში გამსახურდია, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმარი უზრუნველყოფილია შესაბამისი პროფილის ექიმის მუდმივი ზედამხედველობით, მრავალპროფილური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებებით, ასევე სამოქალაქო სექტორის წამყვანი სპეციალისტების მომსახურებით.
სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს.
გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განაცხადა, რომ ცონტე გამსახურდია ნაცემია, მას თავი აქვს გატეხილი და დაზიანებები აღენიშნება.

















