საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" კოალიცია "ქართული
ოცნების" მიერ დღეს თელავში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდებიან.
როგორც „ნიუსპრესს" საია-დან აცნობეს, დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.
ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ თელავში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.
საია და „სამართლიანი არჩევნები" იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.

















