„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ მიერ დღეს 10 ქალაქში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ყრილობის მიმდინარეობას დააკვირდება.
როგორც „ნიუსპრესს“ „საია“-დან აცნობეს, ორგანიზაციის წარმომადგენლები მონიტორინგს ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმში, ამბროლაურში, ახალციხეში, ქუთაისში, გორში, თელავში, რუსთავში და მცხეთაში განახორციელებენ.
„საია“-ს ინფორმაციით, სადამკვირვებლო ორგანიზაციები დაკვირვებას წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.
ორგანიზაციის დამკვირვებლები აღნიშნულ ქალაქებში მიმდინარე იმ მოვლენებს დააკვირდებიან, რომლებიც დღეს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ყრილობის ორგანიზებას და ყრილობაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება. არასამთავრობოები ასევე დაესწრებიან პროგრამის „მეტი სარგებელი ხალხს“ პრეზენტაციას.

















