ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ ლოპოტას ხეობაში სოფელ ლაფანყურთან ჩატარებულმა სპეცოპერაციამ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა.
როგორც არეშიძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, მომხდარის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს, რომელთაგან ერთ-ერთია დივერსიული ჯგუფის სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ და არა პირიქით, მოძრაობის შესახებ.
ექსპერტის თქმით, ჯგუფი კვალიფიციური მეომრებით იყო დაკომპლექტებული, რომლებიც ძვირადღირებული იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი. მისივე თქმით, ესაა ელიტური სპეცრაზმებისთვის დამახასიათებელი შეიარაღება.
„ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეს რაზმი წინა დღით შეკრებილი არ იყო“ - განაცხადა არეშიძემ და დასძინა, რომ არსებული ინფორმაციით, ჯგუფის ორ წევრს, რომლებიც მანამდე ავსტრიაში იმყოფებოდნენ, გარკვეული პირები დაჟინებით ურეკავდნენ და ამ ოპერაციაში მონაწილეობას სთხოვდნენ.
გარდა ამისა, ექსპერტის თქმით, კადრებში ჩანს, რომ ჯგუფის თითოეულ წევრს 50 კილოგრამამდე ტვირთი ჰქონდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი სერიოზულ საქმეზე მიდიოდნენ.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, არეშიძე ეჭვობს, რომ აღნიშნული ჯგუფის კვალიფიკაციისა და აღჭურვის დონე იმდენად მაღალი იყო, რომ ის ერთ ოპერაციაში თერთმეტ კაცს არ დაკარგავდა.
არეშიძის განცხადებით, ერთ-ერთი ვერსიით, მათი ნაწილი მოულოდნელად დახოცეს.
არეშიძის განცხადებით, პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობაზე ზეწოლა ხორციელდება.
„ოფიციალური ვერსიის არავის სჯერა, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ არაოფიციალურ ვერსიებშიც ბევრი წინააღმდეგობებია“ - განაცხადა არეშიძემ და დასძინა, რომ სპეცოპერაციის დამგეგმავი და შემსრულებელი პირები უნდა დაისაჯონ, რადგან ისინი ქვეყნის ბედით თამაშობენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაცია რამდენიმე დღის წინ ჩაატარა. ოფიციალური ინფორმაციით საქართველო-დაღესტნის საზღვარზე დივერსანტთა ჯგუფი გადმოვიდა, რომელმაც მძევალები აიყვანა. სპეცოპრაციის შედეგად კი, ლიკვიდირებულ იქნა 11 დივერსანტი. მოგვიანებით დაზუსტდა, რომ მათგან ორი საქართველოს მოქალაქე იყო.

















