საქართველოს სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართა.
რეკომენდაციის თანახმად, შს მინისტრმა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ადმინისტრაციული პატიმრების - გიორგი ჯიქიას,
გიორგი ნაცვლიშვილის, ვახტანგ შაქარაშვილის და კახაბერ მუმლაძის კანონით გათვალისწინებული ყველა უფლების რეალიზება, ასევე შეისწავლოს უფლებადარღვევის ფაქტები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. კერძოდ, განიხილოს იმ პირთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა ქმედებებითაც დაირღვა ზემოაღნიშნულ პატიმართა უფლებები.
როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, 2012 წლის 31 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ თბილისის #2 დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირებს გიორგი ჯიქიას, გიორგი ნაცვლიშვილს და ვახტანგ შაქარაშვილს, ასევე, გარდაბნის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირს - კახაბერ მუმლაძეს. ისინი აღნიშნავდნენ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში უხეშად ირღვევა მათი უფლებები.
ჯიქიას, ნაცვლიშვილისა და შაქარაშვილის განმარტებით, #2 დროებითი მოთავსების იზოლატორში მათ არ ეძლევათ საშუალება კანონით მინიჭებული უფლებებით ისარგებლონ, კერძოდ, ვერ სარგებლობენ პაემნით, ტელეფონით, გასეირნების უფლებით, არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ შხაპი, იქონიონ ჰიგიენის ნივთები, ასევე ჟურნალ-გაზეთები და რელიგიური ლიტერატურა.
მუმლაძის განმარტებით, გარდა იმისა, რომ ის ვერ სარგებლობს კანონით მინიჭებული უფლებებით, გარდაბნის დროებითი მოთავსების იზოლატორის ადმინისტრაციამ არ მისცა საშუალება, განცხადებით მიემართა სახალხო დამცველისთვის. მან განაცხადა, რომ შიმშილობს და ამის გამო ითხოვდა სამედიცინო მეთვალყურეობას და ექიმს, თუმცა, მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს.

















