არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელმა არჩილ კაიკაციშვილმა ქობულეთის პროფესიული კოლეჯიდან თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლების ფაქტზე,
რეაგირებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატს გელა ცხომელიძეს მიმართა.
როგორც კაიკაციშვილი აცხადებს, გელა ცხომელიძე პოლიტიკური თანამდებობის დაკავების მიზნით მოქმედებს, რაც საზოგადოების წინაშე მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს.
კაიკაციშვილი მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიმართ გაგზავნილ წერილში აცხადებს, რომ აღნიშნულ უსამართლო შემთხვევაზე სამართლიანი პოზიციის დაფიქსირების იმედი აქვს.
„პოლიტიკური ნიშნით დათხოვნის საფუძველი ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოში ოჯახის ახლო ნათესავის, პოლიტოლოგისა და მიმომხილველის ვაჟა ბერიძის მიწვევა გახდა. კოლეჯის დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა მისი მოადგილე დაიბარა და უთხრა, რომ მისი დირექტორობის პერიოდში კოლეჯში თანამშრომლის სტატუსს ვერასოდეს დაიკავებდა“ - აცხადებს კაიკაციშვილი.
თამარ კაიკაციშვილი ქობულეთის პროფესიული კოლეჯის „ახალი ტალღა“ დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან 2012 წლის 19 ივნისს, ოფიციალური ვერსიით, სასწავლო პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო გაათავისუფლეს.
მოსარჩელე მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17 ივლისს მიმართა. დავის საგანს დირექტორის მიერ მიღებული ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა და პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა წარმოადგენს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში პირველი მოსამზადებელი სხდომა 6 სექტემბერს გაიმართება.

















