რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული 11 მოქალაქიდან საქართველოს მოქალაქე არც ერთი არაა
- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
შს მინისტრის მოადგილის შოთა ხიზანიშვილის განცხადებით, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის რიგი საკითხები ჯერ ძიების პროცესშია.
„ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული გადაადგილდება, ადამიანებს იტაცებს, მძევლები აყავს, არ ემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს ოფიცრებს კლავს - სახელმწიფოს რეაქცია იქნება ისეთი, როგორიც იყო“ - აცხადებს შოთა ხიზანიშვილი.
მისივე თქმით, ხელისუფლება მსგავს სიტუაციებში, საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მომავალშიც ანალოგიურად იმოქმედებს.
შსს-ს ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, საქართველოს ტერიტორიაზე დივერსანტთა დაახლოებით, 20-კაციანი ჯგუფი გადმოვიდა, რომელმაც მძევალთა სამი ჯგუფი აიყვანა. მათ წინააღმდეგ ქართველმა ძალოვნებმა რამდენიმედღიანი სპეცოპერაცია განახორციელეს, რომლის შედეგადაც ყველა მძევალი უვნებლად გაათავისუფლეს. სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია ჯგუფის 11 წევრი, ნაპოვნია მათი გვამებიც.
სპეცოპერაციის დროს შსს-ს ორი თანამშრომელი და თავდაცვის სამინისტროს ექიმი დაიღუპა.

















