საქართველოს ციხეებში პატიმრების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს ეს ტენდენცია პრიმიტიულად შენიღბოს.
ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტში ცენტრის მიერ დღეს გაგზავნილ მიმართვაში სახელწოდებით - „მინისტრი პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას აკანონებს“.
ცენტრი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვს.
როგორც ცენტრი აცხადებს, მას შემდეგ, რაც პენიტენციალური სისტემის საკნებში პატიმართა რაოდენობამ გადააჭარბა ლიმიტით განსაზღვრულ რაოდენობას, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა „მარტივ გამოსავალს მიაგნო“ და საკნებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რაოდენობის ლიმიტები გაზარდა.
„კანონდარღვევის ასეთი სახით აღმოფხვრამ გამოიწვია ისედაც გადატვირთული საპატიმროების კიდევ უფრო გადატვირთვა და შესაბამისად, გაიზარდა პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტები“ - აღნიშნულია მიმართავში.
ცენტრის ინფორმაციით, ლიმიტების გაზრდის შეემდეგ N1 დაწესებულებაში ახალი ლიმიტი - 1086 ადამიანია, მანამდე კი, 750 იყო.
N4 დაწესებულებაში - 390 ნაცვლად 305-სა, N5 დაწესებულებაში - 1349 ნაცვალდ 1200 -სა, N6 დაწესებულებაში - 1601 ნაცვლად 1400-სა, N9 დაწესებულებაში - 1142 ნაცვლად 970-ისა, N12 დაწესებულებაში - 730 ნაცვლად 700-სა, N14 დაწესებულებაში - 2690 ნაცვლად 2500 -სა, ხოლო N15 დაწესებულებაში 3 300 ადამიანის ნაცვლად ლიმიტი 3 861 გახდა.
„მინისტრის ეს ბრძანება ნიღბავს გადატვირთულობის პრობლემას, ის საზოგადოების და ასევე წამების პრევენციის კომიტეტის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“ - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი და მინისტრის ბრძანების გაუქმებას მოითხოვს.

















