მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივმა საბჭოებმა, ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ, 75 განცხადება დააკმაყოფილეს.
როგორც „ნიუსპრესს“ სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობის პრინციპის თანახმად, განცხადებებს საბჭოები ყოველი თვის ბოლოს განიხილავენ, შემდეგ კი, ზეპირი მოსმენა იმართება, რომელსაც მსჯავრდებული და ადვოკატი ესწრება.
5-წევრიანი საბჭოები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.
საბჭოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ განიხილავს.

















