სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ განხორციელებული არაფულადი შემოწირულობების შესწავლის შედეგად,
კანონდარღვევები აღმოაჩინა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური პრევენციული შინაარსის განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლიტიკური კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების ფინანსურ ანგარიშგებაზე პასუხისმგებელმა პირებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დეკლარირება მოახდინეს პარტიების ანგარიშზე არაფულადი შემოწირულებების განხორციელების ფაქტი, რაც კანონით დაშვებულია. თუმცა, მონიტორინგის პროცესში დადგინდა, რომ აღნიშნული შემოწირულებების დეკლარირება მოხდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების დარღვევით, ვიანიდან განხორციელდა ფულადი ფორმით, თუმცა, დეკლარირება მოხდა როგორც არაფულადი შემოწირულობა.
აუდიტის სამსახურის ცნობით, მონიტორინგის პროცესში დადგინდა, რომ ფიზიკური პირები სხვადასხვა მომსახურების შესყიდვისა და პარტიის ვალდებულებების შესრულებისთვის ფულად თანხებს პირადი სახსრებიდან იხდიან, თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც ელექტრონული პროგრამაში ისე ოფიციალურ დოკუმენტაციაში, მას ადეკლარირებენ როგორც არაფულად შემოწირულობას.
აუდიტის სამსახურის განცხადებით, კანონით დადგენილი წესების დარღვევით კოალიცია „ქართული ოცნების" სასარგებლოდ შემოწირულობები განახორციელეს ფიზიკურმა პირებმა - ნოდარ ხადურმა, თამარ გიორგაძემ, რომან ცხონდიამ, თინა ხიდაშელმა და ბესო ჯოჯუამ.
აუდიტის სამსახურის განმარტებით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, შემოწირულობად ითვლება პარტიის ანგარიშზე საქართველოს მოქალაქის მიერ ჩარიცხული ფულადი სახსრები, აგრეთვე პარტიის მიერ უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით მიღებული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა (მათ შორის, შეღავათიანი კრედიტი) და მომსახურება.
„ამდენად, სახეზეა პარტიის სახელით ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული ანგარიშსწორება, რაც არ შეესაბამება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით შემოწირულობისთვის დადგენილ ცნებას, რადგან კანონის მიხედვით შემოწირულობა შეიძლება იყოს ან ფულადი სახის, რაც მხოლოდ შემომწირველის კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან პარტიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით უნდა განხორციელდეს ან არაფულადი, რაც შეიძლება იყოს ფიზიკური პირის მიერ საკუთრების ან სარგებლობის უფლებით პოლიტიკური სუბიექტისათვის გადაცემული ყველა სახის აქტივი, გარდა ფულადი სახსრებისა, რაც ბუნებრივია წლის განმავლობაში ერთი ფიზიკური პირისთვის არ უნდა აღემატებოდეს კანონით დადგენილ ლიმიტს“- ნათქვამია განცხადებაში და განმარტებულია, რომ აღნიშნულ პირთა მიერ პოლიტიკური სუბიექტის ნაცვლად სხვადასხვა მომსახურების შესყიდვისა და ვალდებულების დასაფარავად პირადი სახსრების გამოყენება კანონდარღვევას წარმოადგენს და ამვდროულად სრულ წინააღმდეგობაშია საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან. კერძოდ: საქართველოს საარჩევნო კოდექსის 54-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბმისად, აკრძალულია საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დროს შესაბამისი ფონდის სახსრების გარდა სხვა სახსრების გამოყენება.
ამდენად, აუდიტის სამსახურში მიაჩნიათ, რომ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გარდა, სხვა რომელიმე ანგარიშის გამოყენება დაუშვებელია. არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, საარჩევნო სუბიექტის მიერ გაწეული ყველა ხარჯი უნდა ანაზღაურდეს საარჩევნო კამპანიის ფონდიდან. კონკრეტულ შემთხვევაში კი, სახეზეა სიტუაცია, როდესაც პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო ფონდი არსებობს, თუმცა, საარჩევნო კამპანიისთვის საჭირო ხარჯების გაღება ხდება ფიზიკური პირების ანგარიშებიდან. აღნიშნული თანხები არ ხვდება ფონდის ანგარიშზე და ფაქტობრივად ორგანული კანონის მოთხოვნების გვერდის ავლის შენიღბვის მიზნით, დეკლარირდება როგორც არაფულადი შემოწირულება.
აუდიტის სამსახურის განცხადებით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა გამოიწვევს შემოწირულობის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, ხოლო სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.

















