შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ გადაღებული კადრები გაავრცელა.
კადრებში ორმხრივი სროლის შედეგად გარდაცვლილი შეიარაღებული დაჯგუფების წევრები ჩანან. მათი სახეები დაფარულია.
მასალაში დაღუპულთა შეიარაღება და პირადი ნივთებია ნაჩვენები. ასევე, ასახულია თუ როგორ გამოჰყავთ ქართველ სამხედროებს ხეობიდან გარდაცვლილები.
შსს იმ მესაზღვრის კომენტარსაც ავრცელებს, რომელიც მძევლად აყვანილ 5 მოქალაქეს ჩაენაცვლა და შეიარაღებული დაჯგუფების მძევალი თავად გახდა.
მესაზღვრის თქმით, ის ლოპოტას ხეობაში დაკარგული ხუთი ახალგაზრდის მოსაძებნად, თანამშრომლებთან ერთად ავიდა.
მისივე განცხადებით, დაჯგუფების დაახლოებით 10-მა წევრმა მესაზღვრეების ავტომანქანას ალყა შემოარტყა და ისინი მანქანიდან ძალით გადმოსვა.
„გვითხრეს, რომ მძევლად ვიყავით აყვანილი. დაჯგუფების წევრები შეიარაღებული იყვნენ ყუმბარმტყორცნებით, ტყვიამფრქვევით და ავტომატური იარაღით. შემდეგ ხეობაში დაბლა ჩავედით, სადაც შსს-ს თანამშრომელი მოვიდა. მასთან საუბრის შემდეგ დაჯგუფების წევრებმა მითხრეს, რომ მათთვის საჭირო პიროვნება აღარ ვიყავი და გამათავისუფლეს“- აცხადებს მესაზღვრე.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლიკვიდირებულია შეიარაღებული რაზმის 11 წევრი. მათი განმარტებით, ამოცნობილი პირები რუსეთის მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ლიკვიდირებული დაჯგუფების მეთაურია.

















