თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს თურქეთის ქალაქ ორდუში მომხდარ ძარცვაში ბრალდებულ პირთა საქმის არსებითი განხილვა გაიმართება.
სასამართლო „საუკუნის ძარცვად“ წოდებულ საქმეში 6 ეჭვმიტანილის საქმეს განიხილავს, მათ შორის 3 ძებნილის მიმართ პროცესი დაუსწრებლად წარიმართება.
დღევანდელ პროცესზე სასამართლო მხარეთა შესავალ სიტყვებს მოისმენს და მოწმეებს დაკითხავს.
როგორც „ნიუსპრესს“ ერთ-ერთი ბრალდებულის მერაბ ლაშქარეიშვილის ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა განუცხადა, წინა პროცსეზე, რომელიც 14 აგვისტოს იყო ჩანიშნული, პროკურორი შეიცვალა, რომელმაც საქმის მასალების გაცნობის მიზნით პროცესის გადადება მოითხოვა.
საქმეს მოსამართლე ლელა შკუბულიანი განიხილავს.
შსს-ს ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ექვსმა მოქალაქემ თურქეთის ქალაქ ორდუში საიუველირო მაღაზია 5 მარტს გაძარცვა. მათ სავაჭრო ცენტრში 8 მეტრის სიგრძის გვირაბით შეაღწიეს. მოპარული ნივთების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის შემდეგ, ისინი სამართალდამცავებმა დააკავეს.

















