თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში შეიარაღებული დაჯგუფების გაუვნებელყოფის მიზნით ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება.
როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილია კრიზისების მართვის შტაბი.
განცხადების თანახმად, შტაბში შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროები შედიან.
„შემუშავებულია უწყებათაშორისი კოორდინირებული მოქმედების გეგმა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს“ - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შსს სოფელ ლაფანყურში მძევალთა რამდენიმე ჯგუფის გათავისუფლების სპეცოპერაციას ახორციელებს. მძევალთა ბოლო ჯგუფის გათავისუფლების დროს, ორმხრივი სროლის შედეგად დივერსანტთა შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იქნა ლიკვიდირებული.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე სავარაუდოდ, დაღესტნიდან დივერსანტთა ჯგუფი გადმოვიდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 5 პირის გარდა, მძევლად კიდევ ორი ჯგუფი აიყვანა. მათ გასათავისუფლებლად ინტენსიური სროლა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. არიან დაჭრილები და დაშავებულები. რამდენიმე დაჭრილი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.

















