თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში მიმდინარე დევნის სპეცოპერაცია მძევალთა გათავისუფლებას უკავშირდება.
ოპერაციის შესახებ ახალი დეტალები რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე სავარაუდოდ, დაღესტნიდან დივერსანტთა ჯგუფი გადმოვიდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 5 პირის გარდა, მძევალთა კიდევ ორი ჯგუფი აიყვანა. მათ გასათავისუფლებლად ინტენსიური სროლა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შინაგან საქმეთა ძალების მიერ კიდევ ერთი ჯგუფის გათავისუფლება გახდა შესაძლებელი. ამ წუთებში მიმდინარე სპეცოპერაციის მიზანი კი, მძევალთა მე-3 ჯგუფის გათავისუფლებაა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოპერაციის დროს ერთ-ერთი დივერსანტი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. სავარაუდოდ, არიან დაჭრილები და დაშავებულები.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ლაფანყურის ტყეში 5 ქართველი ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ, რომლებიც გუშინვე იპოვეს. ადგილობრივი მოსახლეობა მათ გამოჩენამდე აცხადებდა, რომ შესაძლოა, გატაცებას ჰქონოდა ადგილი, რადგან ტერიტორიაზე რამდენიმე უცნობი სამხედრო პირი შენიშნეს. თუმცა, მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ ტყეში გზა აებნათ და სხვა შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. არსებული ინფორმაციით, ისინი დაკითხვაზე იმყოფებიან.

















