საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თელავში პოლიციელის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
როგორც „ნიუსპრესს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, სანდრო როსულაშვილი, რომელმაც თავი მოიკლა, არა პოლიციელი, არამედ ყოფილი სამხედრო იყო. მომხდარზე გამოძება მიმდინარეობს და თვითმკვლელობის ვერსია განიხილება.
ამასთან, შსს-ში გამორიცხავენ როსულაშვილის კავშირს ლაფანყურში არსებულ ვითარებასთან, სადაც შსს-ს მიერ დევნის ოპერაცია ხორციელდება.
უწყების ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება ჯგუფის დევნის ოპერაცია. ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა.
წუხელ ხეობაში დაჭრილების შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, სადაც რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანა გადაადგილდებოდა, თუმცა, აღნიშნულის შესახებ ოფიციალური წყაროებიდან ინფორმაცია არ დასტურდება.

















