საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინა ხიდაშელი საგარეჯოს პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ხიდაშელი 17 აგვისტოს სოფელ მუღალოსა და ქეშალის მოსახლეობასთან შეხვედრაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ დაკითხეს.
თინა ხიდაშელის განცხადებით, ის საგარეჯოს პოლიციას დღეს ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას წარუდგენს.
ხიდაშელი იმედოვნებს, რომ საქმის წარმოება მომხდარი ფაქტის შესახებ აუცილებლად დაიწყება.
კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საჩივარი გამგებლის წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლის ბრალდებით შეიტანა.
სამართალდამცაველმა ორგანოებმა 17 აგვისტოს კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ქამარატ მამედოვი დააკავეს, ხოლო 18 აგვისტოს დილით ასევე, კოალიციის მეორე მხარდამჭერი ნათიკ რასულოვი.
17 აგვისტოს, კოალიციის კანდიდატი თინა ხიდაშელი შეხვედრებს სოფელ მუღალოსა და ქეშალის მოსახლეობასთან მართავდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და შეხვედრის ჩაშლა სცადეს.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ისინი განსაკუთრებული აგრესიით საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"-ის თვითმარქვია წარმომადგენლის მიმართ გამოირჩეოდნენ, რომელიც "ინფო 9"-ის ნამდვილ წარმომადგენლად მიიჩნიეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაცია რეაგირებისთვის უწყებათაშორის კომისიას და საერთაშორისო დამკვირვებლებს გადაეცა.

















