მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხვალ დაახლოებით 12:00 საათისთვის პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ განუცხადა, პატიმართა სია, რომლებზეც კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა, პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა.
„იმდენად, რამდენადაც პატიმრებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებები ხვალ უნდა დატოვონ, პრეზიდენტი შეწყალების აქტზე ხელს დღეს მოაწერს. დღეს 12:00 საათისთვის მას ჯერ არ ჰქონდა ხელი მოწერილი“ - განაცხადა ელენე თევდორაძემ.
შეწყალების სახელმწიფო კომისიის სხდომა 23 აგვისტოს გაიმართა. კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 100-ზე მეტ პატიმარზე გასცა. მათ შორის, 14 ქალი და ერთი არასრულწლოვანია.
ჯერჯერობით უცნობია მათგან რამდენი პატიმარი დაუბრუნდება მარიამობის დღესასწაულზე ოჯახს.

















