შეწყალების კომისიის სხდომა ყველა იმ პატიმრის საქმეს განიხილავს, რომელსაც სასჯელის ნახევარი აქვს მოხდილი.
ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ ჟურნალისტებს კომისიის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, კომისიაში 203 პატიმრის საქმეა შესული, თუმცა, ამ რიცხვს შესაძლოა, რამდენიმე მსჯავრდებულის საქმე დაემატოს.
მისი თქმით, 203 განაცხადიდან 9 არასრულწლოვანის საქმეა და აქედან, მხოლოდ ერთს აქვს დადებითი დახასიათება. შესაბამისად, თევდორაძის თქმით, დანარჩენს კომისია არც განიხილავს.
„25 ქალია, რომელთა საქმეები ძალიან მძიმე დანაშაულს ეხება, ვერ გეტყვით რაზე შევჩერდებით. ყველა სხვა საქმე სხვადასხვა სიმძიმისაა. განვიხილავთ ყველა პატიმრის საქმეს, რომელსაც სასჯელის ნახევარი აქვს მოხდილი“ - განაცხადა თევდორაძემ.
მისი თქმით, მკვლელობისთვის, ნარკოტიკების რეალიზებისთვის და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის კომისია შეწყალების რეკომენდაციას არ გასცემს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების კომისიის სხდომა ამ წუთებში იწყება.

















