GNS-ის გადამღები ჯგუფი ახმეტის რაიონში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ამ წუთებში ახმეტის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში
ჩვენებას აძლევს.
როგორც „ნიუსპრესს“ გადაცემა „კვირის რეპორტაჟის“ პროდიუსერმა ნინო ჯაფარიძემ განუცხადა, ინციდენტი გუშინ, დაახლოებით 21:30 საათზე, ხე-ტყის გადამამუშავებელ ერთ-ერთ საწარმოსთან მოხდა.
„ჩვენი გადამღები ჯგუფი ჩასული იყო ახმეტაში, სადაც იღებდა მასალას რეპორტაჟისთვის, რომელიც ხე-ტყის უკანონო ჭრა-დამზადების ფაქტებს ეხებოდა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ბიზნესს შსს-ს მაღალჩინოსანი და მისი ძმა ლობირებენ, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამხარეოს უფროსია“-განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ჯგუფმა ორი კუსტარული საწარმოს გადაღება მოახერხა, მესამეს მფლობელები კი - ძმები ჭიჭიაშვილები და ადგილზე მყოფი რამდენიმე პირი ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დაზარალებულები არიან GNS-ის ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი და ოპერატორი ბაჩანა ბულისკერია.
ჯაფარიძის თქმით, განსაკუთრებით მძიმე იყო ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარება ახმეტის საავადმყოფოში აღმოუჩინეს.
საქმე „ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების“ მუხლით აღიძრა და გამოძიება დაიწყო.
პროდიუსერის თქმით, დაზარალებულებმა საპატრულო პოლიცია ადგილზევე გამოიძახეს, თუმცა, სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე არ მისულან.
„დამტვრეულია ჩვენი ვიდეო-კამერა. თავდამსხმელები გადაღებული მასალის განადგურებასაც ცდილობდნენ, რაც ვერ მოახერხეს“-აღნიშნა მან.
ამასთან, ჯაფარიძე აცხადებს, რომ ინციდენტის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, ზემოაღნიშნული საწარმოებიდან უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის მალულად გატანის მცდელობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, GNS-ის თხოვნით, ეს ფაქტები რეგიონულმა ჟურნალისტებმა დააფიქსირეს.

















