საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხარაგაულის #48 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დამოუკიდებელი კანდიდატის
- გიორგი გლუნჩაძის რეგისტრაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას მიესალმება.
როგორც „ნიუსპრესს“ საია-დან აცნობეს, 10 აგვისტოს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის - გიორგი გლუნჩაძის რეგისტრაციის მიზნით, საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის, მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია წარადგინა.
საია-ს ინფორმაციით, სიაში არსებულ ხელმოწერათა გარკვეული ნაწილის ბათილად ცნობის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიამ საინიციატივო ჯგუფს ხარვეზის შესავსებად 2-დღიანი ვადა განუსაზღვრა.
„საინიციატივო ჯგუფმა მოთხოვნილი ხელმოწერები წარადგინა. იმავე დღეს, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გამოტანილი სასამართლოს განჩინებით, გიორგი გლუნჩაძის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები და მათთან დაკავშირებული დოკუმენტები კომისიიდან ამოიღეს“ - აცხადებენ საია-ს წარმომადგენლები.
მათივე თქმით, 16 აგვისტოს ცესკო-ს ვებ-გვერდზე #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის განცხადება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, გიორგი გლუნჩაძის რეგისტრაცია კომისიიდან გლუნჩაძის კანდიდატის დასარეგისტრირებელად საჭირო დოკუმენტაციის დედანის ამოღების გამო გაურკვეველი ვადით შეჩერდა.
საია-მ მედიის საშუალებებით გაკეთებული საჯარო განცხადებებით, ხარაგაულის #48 საოლქო საარჩევნო კომისიას არაერთხელ მიმართა, შესაბამისი ორგანოებიდან დაუყოვნებლივ მოეთხოვა ამოღებული დოკუმენტების უკან დაბრუნება.
„რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საია-ს რეკომენდაცია გათვალისწინებულია. კანდიდატის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაბრუნდა, ხოლო დღეს აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე კომისიამ გიორგი გლუნჩაძის რეგისტრაციაში გატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო“ - აცხადებენ საია-ში.
საია ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიისა და პროკურატურის იმ გადაწყვეტილებებს მიესალმება, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობასთანაა შესაბამისობაში და დამოუკიდებელი კანდიდატის გიორგი გლუნჩაძის მიერ პასიური საარჩევნო უფლების რეალიზების საშუალებას იძლევა.

















