სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების
ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.
სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, კანონპროექტი პერსონალური მონაცემების დაცვის გაუმჯობესებულ მექანიზმებს ითვალისწინებს.
„კანონპროექტი კიდევ უფრო უახლოვდება იმ სტანდარტებს, რომლებიც საერთაშორისო დონეზე არსებობს პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით. ცხადია, არასამთავრობოებს რიგ საკანონმდებლო მუხლებთან დაკავშირებით გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამას ისახავს მიზნად, რომ მოვისმინოთ მათი რეკომენდაციები. არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ კვლავ ვრჩებით ჩვენ პოზიციაზე და ეს პოზიციები განპირობებულია იმით, რომ პირველ რიგში დაცული იყოს პირთა პერსონალური მონაცემები, რათა თავიდან იქნას აცილებული ის ნეგატიური შედეგები, რაც შესაძლოა, პერსონალური მონაცემების არასწორ დამუშავებას მოჰყვეს. თუმცა, არის რიგი საკითხები, რომლებზეც შეჯერება შესაძლებელია და უკვე რამდენიმე ცვლილება, მათი მოსაზრების მხედველობაში მიღებით იქნა განხორციელებული“-განაცხადა თოლორაიამ.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია პირის პერსონალური მონაცემების დაცვასა და ინფორმაციის გასაჯაროებას შორის ბალანსის დაცვა.
„ყველა კრიტერიუმის კანონმდებლობაში გაწერა შეუძლებელია. საერთაშორისო სტანდარტი და პრაქტიკაც ისეთია, რომ ეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევებში უნდა გადაწყდეს. კანონში ყველა შესაძლო ინფორმაციის გასაჯაროების კრიტერიუმები უბრალოდ ვერ ჩაიწერება, ეს შეუძლებელია. საკონსტიტუციო სასამართლომაც ეს თქვა, საერთაშორისო სტანდარტიც ეს არის, რომ ინფორმაციის გასაჯაროების დროს გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს კონკრეტულ გარემოებებზე დაფუძნებით. სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი დღეს“-განაცხადა თოლორაიამ.

















