თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ველოსიპედით მოძრავი ტურისტი ხევში გადავარდა და
გარდაიცვალა.ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრი „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ კახეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე ტურისტთა ჯგუფს დახმარება სჭირდებოდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ მეხანძრე-მაშველები, პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტურისტთა 7-კაციანი ჯგუფი ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ველოსიპედებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთი ტურისტი გზიდან ხევში გადავარდა. თანმხლები პირები მის დახმარებას შეეცადნენ, თუმცა თავად ხევიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ტურისტები დაუყოვნებლივ უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზაზე“-ნათქვამია უწყების განცხადებაში.

















