შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მომართვიანობის მაჩვენებელი გაზრდილია. მისივე თქმით, დისკრიმინაციული ტიპის
დანაშაულებზე ეფექტური რეაგირებისათვის არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა.
ამის შესახებ საბანაძემ სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა. ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა საზოგადოებას ექვსთვიანი მუშაობის შედეგები წარუდგინა,
"გაზრდილია ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მომართვიანობის მაჩვენებელი. გაიზარდა შემაკავებელი ორდერების და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების სტატისტიკაც, დაინერგა ძალადობის რისკის შეფასების სისტემა და მონიტორინგის მექანიზმი, რაც განმეორებითი ძალადობის ადრეულ ეტაპზე პრევენციის საშუალებას იძლევა. დისკრიმინაციული მომენტის გამოკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულებში სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება. ასევე პროგრესია ამ ტიპის დანაშაულებზე ეფექტური რეაგირების კუთხითაც. განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები და გამკაცრდა ოჯახში ჩადენილი დანაშაულისა და დისკრიმინაციული დანაშაულის მიმართულებით. დეპარტამენტის საქმიანობის შედეგებმა დაგვანახა, რომ საჭირო იყო სხვა კატეგორიის დანაშაულებზეც მსგავსი მონიტორინგის განხორციელება. შსს ინიციატივით მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმა, რაც გულისხმობს საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციების გამიჯვნას. სწორედ ამიტომ მიმდინარე წლიდან ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს მანდატი გაუფართოვდა. სისტემაში გაჩნდა ხარისხის კონტროლის მექანიზმი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის მიზნით უზრუნველყოფს შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრას. ჩვენთვის პრიორიტეტულია დაზარალებულის ინტერესებზე მორგებული გამოძიების წარმართვა. სწორედ ამ მიზნით შსს-ში შეიქმნა კოორდინატორის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს დაზარალებულის ინტერესების დაცვას საგამოძიებო პროცესში. ამ მიმართულებით უკვე ექვს დანაყოფში ფუნქციონირებს კოორდინატორის სამსახური", - განაცხადა კახა საბანაძემ.
2019 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საგამოძიებო რეფორმის წარმატებით განხორციელებისა და გამოძიების ხარისხის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია, სისტემის შიგნით, გამოძიების ხარისხის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის არსებობა, რომელიც გამოძიების პროცესში ხარვეზების იდენტიფიცირებას და მათ დროულად აღმოფხვრას უზრუნველყოფს.

















