სოციოლოგიური კომპანია GALLUP World-ის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში მოქალაქეთა უსაფრთხოების განცდა სხვა ქვეყნების მონაცემებს აღემატება.
როგორც „ნიუსპრესს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, კომპანიის მიერ 143 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვა მოსახლეობაში უსაფრთხოების განცდას ეხებოდა.
კვლევის შედეგების თანახმად, საქართველო როგორც მოქალაქეთა მიერ აღქმული ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა.
საქართველოში მოქალაქეთა უსაფრთხოების განცდის დონე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, ევროპის, აზიისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს აღემატება.
სამინისტროს ინფორმაციით, GALLUP World-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ამყარებს „დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის“ შედეგებს, რომელიც 2010, 2011 და 2012 წლებში ჩატარდა.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველო ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელდა.

















