„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს პოლიტიკურ სუბიექტებთან მიმართებაში არაერთგვაროვან
დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.
როგორც დღეს „პარტიების 2011 წლის ფინანსური ანგარიშის“ კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე მისმა ერთ-ერთმა ავტორმა ლევან ნატროშვილმა აღნიშნა, აუდიტის სამსახურის მიერ მიწოდებულ ანკეტებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს მითითებული შემომწირველთა მისამართები და პირადი ნომრები.
„იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველების მისამართები არ არსებობს, ვერ ვახერხებთ შემოწირულობების გადამოწმებას“ - აღნიშნა ნატროშვილმა.
ამასთან, ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ სივრცეში „ქართული ოცნება“ გამოჩნდა მონიტორინგის სამსახური მათ ფინანსურ ანგარიშებს დეტალურად აქვეყნებს, რაც არ ხდება მმართველი პარტიის შემთხვევაში, ეს კი საზოგადოებაში საფუძვლიან ეჭვებს ბადებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სახელმწიფო მონიტორინგის სამსახურს რეკომენდაციას აძლევს, რომ კანონი პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით თანაბრად გამოიყენოს და არ მიმართოს შერჩევით სამართალწარმოებას. ასევე, მისი რეკომენდაციაა სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია შეიცავდეს თანხების წარმომავლობისა და მისი ხარჯვის შესახებ სრულ მონაცემებს და სავალდებულო გახდეს პარტიების მიერ „სხვა შემოსავლების“ გამოყენებისას კონკრეტული წყაროს მითითება.

















