სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს.
როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს, 19 აგვისტოს ნანა კაკაბაძის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთოს.
განცხადების თანახმად, საუბარი პატიმარ გ. ბალიაშვილზეა, რომელიც თითქოსდა 10 დღის წინ გარდაიცვალა.
„ეს ინფორმაცია და დამატებით ყველა სხვა დეტალი, რომელზეც უფლებადამცველი საუბრობს, სრული სიცრუეა. სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ინფორმაციას და ნანა კაკაბაძეს მოუწოდებს, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოს“ - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სისტემაზე დეზინფორმაციის გავრცელება არაეთიკურია და არც პატიმრის და არც მისი ოჯახის წევრთა ინტერესებს არ ემსახურება.
გლდანის მერვე დაწესებულებაში 20 წლის პატიმარ გიორგი ბალიაშვილის გარდაცვალებასთნ დაკავშირებით, უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ გუშინ განაცხადა.
მისი თქმით, პატიმარი დაახლოებით 10 დღის წინ გარდაიცვალა და ამ დრომდე მორგშია დასვენებული.
კაკაბაძის ცნობით, ბალიაშვილისთვის ეს მეორე პატიმრობა იყო. მისივე თქმით, ბალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად გულსისხლძარღვთა უკმარისობა დასახელდა, თუმცა, შესაძლოა. იგი ცემით იყოს მოკლული.

















