სამტრედიაში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი, სოფელ კულაშში მცხოვრები სერგო კიღურაძე დააკავეს.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის
სამტრედიის ოფისის მენეჯერმა ქეთევან ივანიშვილმა განუცხადა, კიღურაძის დაკავების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
ივანიშვილის ცნობით, კიღურაძეს პოლიციის თანამშრომლები სახლში შეუცვივდნენ და მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„ოჯახში შეუცვივდნენ და დაარბიეს. სცემეს დაკავებულის დედა. ქალბატონს სხეულზე აქვს დაზიანების კვალი, ჩაუმტვრიეს კბილები, ათრიეს და მთელ ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენეს. დღეს ქალბატონი ქუთაისში წავიდა, რათა ექსპერტიზას გაესინჯოს, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და ცუდად გრძნობდა თავს. ჯერ არ დაბრუნებულა ქუთაისიდან“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ქეთევან ივანიშვილმა.
მისივე ცნობით, დაკავებული სერგო კიღურაძე ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება და მისთვის კოალიციამ ადვოკატი აიყვანა.
კიღურაძის დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

















