გლდანის მერვე დაწესებულებაში 20 წლის პატიმარი გიორგი ბალიაშვილი გარდაიცვალა.
როგორც „ნიუსპრესს“ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ
განუცხადა, პატიმარი დაახლოებით 10 დღის წინ გარდაიცვალა და ამ დრომდე მორგშია დასვენებული.
კაკაბაძის ცნობით, ბალიაშვილი რუსთავში იზრდებოდა და ამჟამად, მისთვის ეს მეორე პატიმრობა იყო.
„დედა რომ გარდაეცვალა, იგი ორგანიზაციამ „ბავშვი და გარემო“ დაკრძალა. შემდეგ ბალიაშვილი ციხეში აღმოჩნდა. როგორც ვიცი, ეს უკვე მეორე პატიმრობა იყო მისთვის და 20 წლის ასაკში გლდანის ციხეში გარდაიცვალა“ -განუცხადა „ნიუსპრესს“ კაკაბაძემ
მისივე თქმით, ბალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად გულსისხლძარღვთა უკმარისობა სახელდება, თუმცა, შესაძლოა იგი ცემით იყოს მოკლული.
„აღმოჩნდა რუსთავში ადამიანი, რომელმაც მიცვალებული მოიკითხა და მისი გამოსვენება მოინდომა. დეპარტამენტში დათანხმდნენ, ოღონდ აჩქარებენ და ეუბნებიან - დროულად გადაასვენეთ, თორემ მერე ჩვენ დავკრძალავთო. გარდაცვლილს ადვოკატი არ ჰყავდა“ - აღნიშნა კაკაბაძემ.

















