კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის გადახდის ვადა 18 აგვისტოს ეწურება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ივანიშვილის
ადვოკატმა სანდრო ბარამიძემ განუცხადა.
მისი თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილება 11 აგვისტოს გამოიტანა, შესაბამისად, ივანიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა 1 კვირაში, 18 აგვისტოს ამოიწურება.
რაც შეეხება კოალიციის სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახა კალაძეს, მის საქმეზე დადგენილება საქალაქო სასამართლომ 10 აგვისტოს გამოიტანა და მას ჯარიმის გადახდის ვადა 17 აგვისტოს ეწურება.
კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ შემომწირველი 16 პირის მიერ ჯარიმის გადახდის ბოლო ვადაც 17 აგვისტოა. როგორც „ნიუსპრესს“ „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორის ნოდარ ჯავახიშვილის ადვოკატმა პაატა კიკნაველიძემ განუცხადა, ჯავახიშვილი დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
ადვოკატების განმარტებით, დაჯარიმებული პირები ვალდებულნი არიან 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაიხადოს ჯარიმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სააღსრულებო წარმოება დაიწყება.
სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 7 დღის ვადაში მათ კვლავ მიეცემათ ნებაყოფლობით ჯარიმის გადახდის უფლება, ხოლო თუ თანხის გადახდა ისევ არ განხორციელდა, აღმასრულებელი მოიძიებს დაჯარიმებულ პირთა ქონებას, დააყადაღებს და მათ რეალიზაციას მოახდენს.
სასამართლომ ივანიშვილი 20 243 827 ლარით, კახა კალაძე 16 944 960 ლარით, ხოლო „ქართული ოცნებისთვის“ შემომწირველი 16 პირი, მათ შორის 8 „ქართუ ბანკის“ თანამშრომელი, მათ მიერ განხორციელებული შემოწირულების ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პირადი ანგარიშებიდან ბიძინა ივანიშვილმა 5 552 135 ლარი, ხოლო კახა კალაძემ 3 388 992 ლარი გაანაღდა, რომლის შემდგომი მიმოქცევა არ ფიქსირდება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიიჩნიეს, რომ აღნიშნულ თანხებს ივანიშვილი და კალაძე კანონის გვერდის ავლით ფიზიკურ პირებზე ანაწილებდნენ, რომლებიც შემდგომ თანხას შემოწირულობის სახით „ქართული ოცნების“ ანგარიშზე რიცხავდნენ.
რაც შეეხება 16 შემომწირველს, აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ სამართალდამრღვევების მიერ განხორციელებული შემოწირულობები არაპროპორციულია მათ ხარჯებთან.

















