უფლებადამცველი დაჩი ცაგურია აცხადებს, რომ ბოლო წლებში მას თავს უკვე ოთხჯერ დაესხნენ, თუმცა, არც ერთი შემთხვევა სამართალდამცავებს ამ დრომდე არ გამოუძიებიათ.
როგორც მან „ნიუსპრესს“ განუცხადა, იმედი აქვს, რომ პოლიცია გამონაკლისს დაუშვებს და მასზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმას გამოიძიებს.
გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით ცაგურია სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ დაკითხეს.
შემთხვევა გუშინ, დაახლოებით, 22:00 საათზე, კოჯორი-ბეთანია-წყნეთის გადასახვევთან მოხდა. აგარაკზე მიმავალ ცაგურიას გზად ჯიპი „X5“ დახვდა, რომელშიც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ხუთი პირი იჯდა. მისი თქმით, ისინი ცაგურიასთვის მანქანის გასაღების წართმევას ცდილობდნენ, თუმცა, მან თავის დაღწევა შეძლო და შემთხვევის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
ცაგურია მომხდარს წინა დღით ტყვიის სროლის ფედერაციის პრეზიდენტის გია უდესიანის სახლთან მის მიერ მოწყობილ აქციას - „აქ ცხოვრობს ჯალათი“ უკავშირებს.

















