ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე ცოტა ხნის წინ ფოთის იზოლატორიდან
გაათავისუფლეს.
დაკავების დეტალებზე მან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან სატელეფონო კომენტარი გააკეთა.
"დამაკავეს, როგორც აღმოჩნდა, თურმე ადმინისტრაციული წესით.
პოლიციამ პროვოკაცია მოაწყო, დაახლოებით 15 პოლიციელი მოვიდა. ვითომ წინააღმეგობა გავუწიე და შეურაცხყოფა მივაყენე, რაც, ცხადია, ასე არ ყოფილა.
მე ვიღებდი ვიდეომასალას იმის შესახებ, თუ როგორ გადაადგილდებოდა პოლიცია რეზინის ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზით დატვირთული.
გვაინტერესებდა, რისთვის ემზადებოდა ხელისუფლება. ამის გაშუქების პროცესში ვიყავი, როცა მოვიდა პოლიცია.
როგორც ჩანს, კრიმინალმა გახარიამ გადაწყვიტა, რომ დაერიოს ჟურნალისტებს.
მე გადამღებ ჯგუფთან ერთად ვიყავი, თან მახლდა ოპერატორი, ჟურნალისტი და კიდევ ორი ადამიანი.
ჩემი დაკავება იყო რუსულ სტილში.
არ ვიცი, რატომ გადამიყვანეს ფოთის იზოლატორში. გზაში პოლიციელებს ეტყობოდათ, რომ ბრძანებასა და დავალებას ასრულებდნენ.
მე მითხრეს, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დავარღვიე, რაც, ცხადია, არ მომხდარა.
პოლიციას ზრდილობიანად მივმართავდი და ვეუბნებოდი, რომ ჩემს მოვალეობას ვასრულებდი.
ფოთში ვიყავი, არ მქონდა ტელეფონი, ოჯახს დავუკავშირდი, ახლა კი ზუგდიდში ბრუნდები და უფრო დიდი დაკვირვებით გავაგრძელებ ჩემი მოვალეობის შესრულებას", - განაცხადა კაპანაძემ.

















