არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ უწყებათაშორის კომისიას Summer Job-ის საკითხის მიკერძოებულად განხილვაში ადანაშაულებს. როგორც „ნიუსპრესს“ არასამთავრობო
ორგანიზაციიდან აცნობეს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია სტუდენტური პროგრამა Sammer Job-ის განხორციელებაში ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს ვერ ხედავს, რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში სახელფასო პრემიების დარიცხვას, მას პედაგოგთა სტიმულირების მიზნით განხორციელებულ სამთავრობო ღონისძიებას უწოდებს.
ადვოკატების ინფორმაცით, ამის შესახებ კომისიის მიერ ორგანიზაციისთვის გაგზავნილ წერილშია საუბარი, რომელსაც ხელს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის წევრი, თამარ კინწურაშვილი აწერს.
„კომისიამ შეისწავლა 2012 წლის 7 ივნისს სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის გამოსვლის ვიდეო ჩანაწერი, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ბატონ დიმიტრი შაშკინს არც პირდაპირი, არც ირიბი მინიშნება არ გაუკეთებია იმის შესახებ, რომ დასაქმების პროგრამა მმართველი პარტიის ღონისძიებებში ჩართვას გულისხმობდა. სამინისტრომ აღნიშნული პროექტის მიმართ სტუდენტების მზარდი ინტერესის გამო მიიღო გადაწყვეტილება იგი საერთო ნაციონალური მასშტაბით განეხორციელებინა და მომავალშიც გეგმავს მის განხორციელებას. რაც შეეხება წერილში მითითებულ მეორე საკითხს, გაცნობებთ რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და საჯარო სკოლების რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თბილისის მერია 2010 წლიდან ახორციელებენ პროექტს, რომელიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და საჯარო სკოლების რეაბილიტაციას, ინსტიტუციონალურ განვითარებას, აღზრდის თანამედროვე სისტემის დანერგვას და თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.
2010 წელს ამ მიზნით ასიგნებები თბილისის მერიის ბიუჯეტიდან გამოიყო, 2011 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან, ხოლო 2012 წელს კი როგორც სამინისტროს, ასევე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან. რიგ შემთხვევაში, ეს თანხები სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა, გარკვეულ შემთხვევაში პედაგოგთა სტიმულირების მიზნით პრემიებს, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების შემუშავებას და სხვა ღონისძიებებს“ – ნათქვამია უწყებათაშორისი კომისიის წერილში.

















