პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა კალაძის ადვოკატი შალვა თადუმაძე დღეს სააპელაციო
სასამართლოში საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილებას გაასაჩივრებს.
როგორც „ნიუსპრესს“ თადუმაძემ განუცხადა, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების ვადა 18:00 საათზე იწურება და შესაბამისად, საჩივარს ვადის ამოწურვამდე შეიტანს.
ამასთან, როგორც „ნიუსპრესს“ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განუმარტა, მას შემდეგ, რაც კალაძეს სასამართლოს მიერ ჯარიმის გადასახდელად მიცემული 7 დღიანი ვადა ამოეწურება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აღსრულების ბიუროსთვის მიმართვის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიღოს.
„თუ აუდიტის სამსახური მოგვმართავს, ჩვენ მოვალეს დამატებით 7 დღიან ვადას მივცემთ დაკისრებული ჯარიმის ნებაყოფლობით გადასახდელად და აღნიშნულზე ოფიციალურ შეტყობინებას გავუგზავნით“ - განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ აღსრულების ბიუროს მიერ მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ, მოვალე თანხას არ გადაიხდის, დაიწყება იძულებითი აღსრულება ანუ დაყადაღებული ქონება გასაყიდად აუქციონზე გავა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ კახა კალაძის უძრავ-მოძრავ ქონებას ყადაღა დაადო და ჯარიმის სახით 16 944 960 ლარი დააკისრა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 8 აგვისტოს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილსა და კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახი კალაძეს ანგარიშებიდან გატანილი თანხის უკან დაბრუნების წინადადებით მიმართა. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დასახელებულ პერიოდში ივანიშვილმა 5.552.135, ხოლო კახი კალაძემ 3.388.992 ლარი გაანაღდა.

















