„ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორის ნოდარ ჯავახიშვილის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება დღეს სააპელაციოში გაასაჩივრეს. ამის შესახებ
ჯავახიშვილმა „ნიუსპრეს“ განუცხადა.
ჯავახიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციოში გასაჩივრების 48 საათიანი ვადა უკვე ამოიწურა, მის ადვოკატებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწვეტილება ჯერ კიდევ არ ჩაბარებიათ.
„ალბათ, უნდოდათ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების ვადები დაგვეღვია, თუმცა, ჩვენ საჩივარი უკვე შევიტანეთ“ - აღნიშნა „ქართუს“ გენერალურმა დირექტორმა.
ამასთან, ჯავახიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიცემული 7 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, მისი ქონება აუქციონზე გაიტანონ.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ნიკა მელიას განმარტებით, მას შემდეგ, რაც მოვალეს სასამართლოს მიერ ჯარიმის გადასახდელად მიცემული 7 დღიანი ვადა ამოეწურება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აღსრულების ბიუროს უნდა მიმართოს.
მისივე თქმით, აუდიტის სამსახურის მიმართვის შემდეგ, მოვალეს დამატებით 7 დღიან ვადა მიეცემა დაკისრებული ჯარიმის ნებაყოფლობით გადასახდელად, რაზეც ის ოფიციალურ შეტყობინებას მიიღებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღსრულების ბიუროს მიერ მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ, მოვალე თანხას არ გადაიხდის, იძულებითი აღსრულება დაიწყება ანუ დაყადაღებული ქონება გასაყიდად აუქციონზე გავა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 აგვისტოს, ნოდარ ჯავახიშვილი „ქართული ოცნებისთვის“ გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობით - 89 000 ლარით დააჯარიმა. ჯავახიშვილის ქონებას და ანგარიშებს ყადაღა ადევს.

















