თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის
ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებაზე აქამდე არსებულ დადგენილებებს შორის ყველაზე აბსურდულია.
ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციის ლიდერის ერთ-ერთმა ადვოკატმა სანდრო ბარამიძემ დღეს საქალაქო სასამართლოს მიერ ივანიშვილის დაჯარიმების შეფასებისას განუცხადა.
„საქართველოს სასამართლოების მიერ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიმართ აქამდე გამოტანილ დადგენილებებს შორის, დღევანდელი გადაწყვეტილება ყველაზე აბსურდულია, რადგან სასამართლომ უკანონო შემოწირულობად მიიჩნია ისეთი თანხა, რაზეც ივანიშვილმა მტკიცებულება - ნოტარიუსის აქტი და ვიდეო მასალა წარადგინა“ - აღნიშნა ადვოკატმა.
ბარამიძის ინფორმაციით, ეს თანხა ივანიშვილის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს დღემდე აქვს. შესაბამისად, ივანიშვილის დადანაშულება კოალიციის სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობების განხორციელებაში აბსურდულია.
ადვოკატის თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ის კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს 20 43 827 ლარი ჯარიმა დააკისრა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივანიშვილმა ჯარიმა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს, ხოლო გასაჩივრება მას სააპელაციო სასამართლოში 48 საათში შეუძლია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილსა და კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახი კალაძეს ანგარიშებიდან გატანილი თანხის უკან დაბრუნების წინადადებით მიმართა. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ივანიშვილმა 5 552 135, ხოლო კახი კალაძემ 3 388 992 ლარი გაანაღდა.
სასამართლომ დეპუტატობის კანდიდატის, კახი კალაძის უძრავ-მოძრავ ქონებას ყადაღა გუშინ დაადო და ჯარიმის სახით 16 944 960 ლარი დააკისრა.

















