დღეს პარლამენტის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილს სუსის წარმომადგენელმა
დაკითხვაზე გამოცხადების ოქმი მიუტანა, რომლის მიხედვითაც მას 15:00 საათზე დაკითხვაზე ელოდებიან. თუმცა, მაჩალიკაშვილმა დღეს დაკითხვაზე მისვლაზე უარი განაცხადა და ოქმი არ მიიღო.
სუსის წარმომადგენლების მისვლამდე, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ ხვალ აპირებდა დაკითხვაზე მისვლას.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ წელიწადნახევარია მის განადგურებას ცდილობენ, მაგრამ ეს არ მოხდება.
„ამ წელიწადნახევარში პირველი დღიდან სულ ამას ცდილობდნენ გაენადგურებინათ ვახა, გაენადგურებინათ თემირლანის საქმე და იმას ცდილობენ და უნდათ ძალით, ძალიან გულით უნდათ იმათ, რომ იმას, რომ მიაღწიონ მაგრამ ეს არ მოხდება. ამათ ერთადერთი მიზანი არის ის და თუნდაც მე რომ დამიჭირონ მათდა საუბედუროდ ჩემს ზურგს უკან დგას ძალიან ბევრი ხალხი. გუშინ, ევროპაში მთელი ქართველთა დიასპორა, მთელი ჩეჩენ-ინგუშეთთა დიასპორა შეიკრიბა. ეს ამათ არ შერჩებათ" - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მისი თქმით, სუსმა გამოქვეყნებული მასალით თავის ისტორიას წერტილი დაუსვა.
"ამათ რაც ახლა გამოაქვეყნეს ეს განცხადება, სუს-მა დაუსვა თავის ისტორიას წერტილი" - აღნიშნავს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
მისი განცხადებით, ყველაფრის მოგვარება და თავიდან არიდება შეიძლებოდა, თუ მას ეტყოდნენ, რომ შეცდნენ.
"ამათ შეეძლოთ ერთი სიტყვით ეს 9 თვე, რომ აქ არ გამეტარებინა მე. ერთი სიტყვით, დიახ, ბოდიშით ბატონო ვახა, ჩვენ მოგვივიდა შეცდომა. რატომ არ იძახიან შურისძიების მცდელობას, რატომ არ იძახიან მკვლელობის მცდელობას, იმიტომ რომ შურისძიების მცდელობას რომ იტყვიან ამას ყველა მიხვდება. როდის იძიებს კაცი შურს? როცა არაფერში დამნაშავე არ არის და მოგიკლავენ ვიღაცას. აი ამიტომ არ იძახიან და პირდაპირ იმ კონტექსტში გადაიტანეს ტერაქტის მცდელობა. სირცხვილი ამათ, სირცხვილი ამ უღირსებს“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
სუსმა რამდენიმე დღის წინ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სუსი მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

















