არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს მიმართავენ, აპარატის დებულებაში შეიტანოს ცვლილება, რომლის ძალით, საქმისწარმოების დეპარტამენტი თბილისში დარჩება.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადასვლასთან ერთად, საქმისწარმოების დეპარტამენტის რეგიონში გადატანა მოქალაქეებს პარლამენტთან კომუნიკაციას გაურთულებს.
მისივე თქმით, თბილისის მილიონზე მეტი მაცხოვრებელი პარლამენტისთვის კორესპონდენციის, განცხადების პირდაპირი წესით გაგზავნას ვეღარ შეძლებს და საკანონმდებლო ორგანოსთან ურთიერთობა ფოსტის მეშვეობით მოუწევს.
„ეს, ერთი მხრივ, მძიმე ფინანსური ტვირთი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, მეორე მხრივ კი, საჭირო ინფორმაციის მიღებაზე დროსა და სივრცეში ხელოვნულ ბარიერებს შექმნის, რაც პარლამენტსა და მოქალაქის ურთიერთობას გაართულებს“-აღნიშნა მან.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მათი წინადადების მიღებაზე უარს იტყვის, ამით საფუძვლიანი ეჭვის საფუძველს შექმნის, რომ ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საფოსტო ბიზნესის საქმიანობის გაძლიერებას.
„თუ პარლამენტი უარს იტყვის საქმისწარმოების დეპარტამენტის თბილისში დატოვებაზე, ბაზრის ამ მონოპოლისტს გააძლიერებს“-აღნიშნა კაიკაციშვილმა.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნეს.

















