„ქართუ ბანკის“ გენერალურ დირექტორს ნოდარ ჯავხიშვილს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმა - 89 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
დღესვე, სასამართლო პროცესზე კოალიციისთვის შემოწირულობების განხორციელების გამო, ჯავახიშვილთან ერთად, კიდევ 15 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომლებსაც ასევე, გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ.
დაჯარიმებილი 16 პირიდან 8 „ქართუ ბანკის“ თანამშრომელია, ხოლო დანარჩენი 8 „ქართული ოცნების“ წევრი.
როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლემ თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით მათ მიერ წარდგენილი არცერთი მტკიცებულება არ გაითვალისწინა და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.
„მოსამართლეს წარვუდგინეთ საბუთები, რომელიც გაცემულია „ქართუ ბანკის“ დროებითი მმართველის მიერ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბანკის თანამშრომლებს გადარიცხული თანხა მათ დროებითმა მმართველმა სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების გამო, კომპენსაციების სახით გადასცა. მათ კი, თავისუფლად შეეძლოთ მიეღოთ გადაწყვეტილება კუთვნილი თანხის „ქართული ოცნების“ ანგარიშზე გადარიცხვასთან დაკავშირებით და ეს კანონდარღვევა არ არის“- განაცხადა ჭკადუამ.
მისივე თქმით, „ქართუ ბანკის“ გენერალურ დირექტორს ნოდარ ჯავახიშვილს ჯარიმის სახით 89 000 ლარი დაეკისრა.
ადვოკატის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებისთანავე, მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე კოალიცია „ქართული ოცნების“ შემომწირველების - „ბანკ ქართუს“ რვა თანამშრომლის, მათ შორის, ბანკის პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის საქმე განიხილებოდა, რომლებსაც ანგარიშები და პირადი ქონება დაუყადაღეს.

















