ადამიანის უფლებათა ცენტრი ადვოკატ იმედა ნიკურაძის ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შპს „ელიტა ბურჯის“ იურისტები, მათ შორის, იმედა ნიკურაძე „ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის სრულ შესაბამისობაში და მათი კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნით მოქმედებდნენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამავე კანონის 38-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია საადვოკატო საქმიანობისთვის ხელის შეშლა და ადვოკატისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ ზეპირი თუ წერილობითი განცხადებებისთვის, რომლებიც მან კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა.
„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენთვის მიუღებელია სახელმწიფოს მხრიდან ადვოკატის საქმიანობაში ამგვარი ფორმით ჩარევა და მისი დევნა საადვოკატო საქმიანობის განხორციელების გამო. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეწყვიტონ იმედა ნიკურაძის დევნა და ის პატიმრობიდან გაათავისუფლონ“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს სახალხო დამცველს, ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, შეისწავლონ ეს ფაქტი და მასზე ადეკვატური რეაგირება მოახდინონ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ კომპანია „ელიტა ბურჯის“ იურისტს იმედა ნიკურაძეს 20 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედება.

















