სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები არასრულწლოვანთა N11-ე მსჯავრდებულთა დაწესებულებაში იმყოფებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო დამცველის პრესსამსახურში განუცხადეს, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები მსჯავრდებულთა დაწესებულებაში ღამის 02:00 საათიდან იმყოფებიან.
პრესსამსახურის ინფორმაციით, აპარატის წარმომადგენლებმა მოინახულეს, როგორც დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულები, ასევე, სხვადასხვა დაწესებულებაში გადაყვანილი არასრულწლოვნები.
„ინციდენტს ადგილი ნამდვილად ჰქონდა. ღამის 02:00 საათიდან ამ დრომდე ადგილზე მუშაობენ მონიტორინგის და პრევენციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ისინი დეტალურად გაერკვევიან სიტუაციაში და დღის განმავლობაში გვექნება საშუალება დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ“ - განუცხადეს „ნიუსპრესს“ პრესსამსახურში.
არასრულწლოვანთა №11-ე აღმზრდელობით დაწესებულებაში ინციდენტის შესახებ განცხადება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზოგიერთმა არასრულწლოვანმა მსჯავრდებულმა დღის წესრიგის უხეშად დარღვევის ინსპირირება მოახდინა, რამაც ინფრასტრუქტურისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილის დაზიანება გამოიწვია. დისციპლინის უზრუნველყოფისა და შემდგომი დარღვევების თავიდან აცილების მიზნით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში გადანაწილდნენ.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება.

















