თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს კომპანია „ელიტა ბურჯის“ იურისტს იმედა ნიკურაძეს 20 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ალა კახნიაურმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ „ნიუსპრესს“ განუცხადა, ნიკურაძის ბრალი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში დასდეს. ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
„სასამართლო აცხადებს, რომ ნიკურაძე პოლიციას 6 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე არ დაემორჩილა, როდესაც სამართალდამცავები „ელიტა ბურჯის“ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. მსგავსი ინციდენტი არ ყოფილა. სწორედ ამ პერიოდში მეც ვიყავი „ელიტა ბურჯში“ და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთი რამ არ მომხდარა“-განაცხადა კახნიაურმა.
მისივე თქმით, სამართალდამცავთა ყოფნა „ელიტა ბურჯში“, რომელსაც შპს „ბურჯის“ ერთ-ერთი ობიექტი ჰქონდა დაქირავებული, უკანონო იყო, რადგან დაცვის პოლიციას და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს მის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მხოლოდ „ბურჯის“ ახალი მესაკუთრის დასახელების შემდეგ მიეცემოდათ. 6 აგვისტოს კი, „ბურჯის“ ახალი მესაკუთრე ჯერ ცნობილი არ იყო.
კახნიაურის განცხადებით, მოსამართლე ნანა დარასელიამ ბიკურაძის საქმეზე გადაწყვეტილება ვითარებაში გარკვევის გარეშე მიიღო.
„დარასელიამ წინასწარ იცოდა, რა გადაწყვეტილებაც უნდა გამოეტანა. ის წარმატებით ასრულებს ნებისმიერ დაკვეთას“-აღნიშნა კახნიაურმა.
შპს „ბურჯში“ აღსრულების ეროვნული ბიუროს და დაცვის პოლიციის თანამშრომლები მისი ქონების აუქციონზე გაყიდვის შემდეგ შევიდნენ. ბიუროს განმარტებით, აღნიშნულის მიზანი „ბურჯის“ ქონების ახალი მესაკუთრისთვის გადასაცემად მოსამზადებელი სამუშაოები იყო. აღმასრულებლებმა ტერიტორიის დაცლა იმ კომპანიებსაც მოსთხოვეს, რომელთაც შპს „ბურჯის“ ობიექტები ჰქონდათ ნაქირავები, მათ შორის იყო კომპანია „ელიტა ბურჯი“.
შპს „ბურჯის“ ქონების ახალი მფლობელი შპს „გამაა“, რომელმაც მასში 2 აგვისტოს გამართულ ელექტრონულ აუქციონზე 8 761 513 ლარი გადაიხადა. „ბურჯი“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოქმების საფუძველზე დაჯარიმდა. მას ჯარიმა კოალიცია „ქართულ ოცნებაზე“ ავტომობილების შეღავათიან ფასად გაქირავებისთვის დაეკისრა. ჯარიმის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „ბურჯის“ ქონება აუქციონზე გაიტანა.

















