პარტიია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობის განხორციელებაში ეჭვმიტანილი ვახტანგ ლოლაძისა და ჯემალ გიგინეიშვილის პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, კოალიციის ფოთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ჯემალ გიგინეიშვილი, რომელიც მრეწველთა პარტიის წევრია, თბილისში ხელბორკილდადებული ჩამოიყვანეს.
„მას ბრალად ედება პარტიის ანგარიშზე 10 ათასი ლარის შეტანა. სასამართლო პროცესი დღეს არის ჩანიშნული“ - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ დღესვე „მრეწველების“ კიდევ ერთი წევრის ვახტანგ ლოლაძის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელსაც პარტიის ანგარიშზე 1000 ლარის შეტანას ედავებიან.
„ტენდენცია გრძელდება, თუმცა თუ ადრე აჯარიმებდნენ, ახლა საქმე უკვე შემომწირველი პირების დაპატიმრებასთან გვაქვს“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა.
მისი შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან მათი წევრების დაპატიმრება „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლას ემსახურება.

















