თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ "VთB ბანკ ჯორჯიას" ცენტრალური ფილიალის საოპერაციო
განყოფილების ანგარიშების ყოფილი მენეჯერის უკანონო გათავისუფლების ფაქტზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო.
2019 წლის 22 მარტის სხდომაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბანკის წარმომადგენლის შუამდგომლობა პირველი სასარჩელო მოთხოვნის - შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში, დასაქმებულის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენაზე, განუხილველად დატოვების თაობაზე და აღინიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა შეფასებულიყო დავის ყველა გარემოების კვლევის შედეგად. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროცესის მონაწილე მხარეების შუამდგომლობა მოწმის სახით ბანკის მაღალი მენეჯმენტის დაკითხვასთან დაკავშირებით.
მოსარჩელის მოთხოვნით, საქმეზე დაიკითხება: ირინა ხელაია, მერაბ ჭიბოშვილი, ვერიკო ბოჭორიშვილი და მამუკა ქავზინაძე. ბანკის მოთხოვნით, საქმეზე დაიკითხება ანრი გოგსაძე. სასამართლო მომდევნო სხდომაზე მხარეთა შორის წარდგენილ და სხვა ახალ შუამდგომლობებზე იმსჯელებს.
საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ ბანკიდან მენეჯერის გათავისუფლების ნამდვილი მიზეზი გახდა ბანკის კონკრეტული თანამშრომლებისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან არაერთგზის გამოხატული დამამცირებელი, ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი მოპყრობა, რასაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის სოციალური კუთვნილება.
ბანკმა არ მოახდინა მენეჯერის არც ერთ წერილობით მიმართვაზე რეაგირება. მოკვლევის გარეშე დარჩა დისკრიმინაციის ფაქტები. ბანკში შექმნილი გარემო აისახა გათავისუფლებულის ჯანმრთელობაზე, რასაც ადასტურებს სამედიცინო დაწესებულების ცნობები. დასაქმებულს სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება უწევდა თავად ბანკის შენობაშიც, თუმცა ბანკმა არც ერთი შემთხვევაში ჯანსაღი შრომის პირობების შექმნისთვის სათანადო ზომები არ მიიღო, რითაც დაირღვა კანონი, შრომითი ხელშეკრულება და შინაგანაწესი.
საქმეზე მოთხოვნილია დისკირიმინაციის ფაქტის დადგენა, სადავო ბრძანების გაუქმება, სამსახურში აღდგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება და სარეკომენდაციო წერილი–ცნობის გაცემა.
სარჩელი სასამართლოში 2017 წლის 27 მარტს დარეგისტრირდა. 2018 წლის 6 თებერვალს შედგა პირველი სხდომა. 2019 წელს საქმეზე შეიცვალა განმხილველი მოსამართლე და მას ამჟამად მაია გიგაური განიხილავს. საქმეზე წარმომადგენლობას "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი, ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი და იურისტი ანა ფუტკარაძე ახორციელებენ.

















