კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ეკა ბესელიას შტაბის იურიდიულმა სამსახურმა ფოთის პოლიციასა და პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, საჩივარი 3 აგვისტოს ფოთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტებს ეხება.
კოალიციის ინფორმაციით, ინცინდენტის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრმა ირაკლი ნაჭყებიამ კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტ გოგონებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რომლებიც 6 აგვისტოს დაგეგმილ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით ქალაქის ქუჩებში მოსაწვევებს არიგებდნენ.
„ახალგაზრდების განმარტებით, 15 წუთის შემდეგ მათ აედევნა „ტოიოტას“ მარკის შავი ფერის მანქანა სახელმწიფო ნომრით GJG-251, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ეკუთვნის, რომლის თანამშრომლები ამოცნობილნი არიან“ - აცხადებენ კოალიციის წარმომადგენლები.
„ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატის შტაბი მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ამ ინციდენტში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს.
იურიდიული სამსახურის უფროსის ლილი გელაშვილის განმარტებით, ირაკლი ნაჭყებია დანაშაულის პროვოკაციას ახდენდა. მისი ქმედება დანაშაულის ჩადენის გამომწვევი იყო, რადგან ახალგაზრდებს შეურაცხყოფა უმიზეზოდ მიაყენა და მათ დახეული გაზეთები მიაყარა.
„აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად იგივე ხასიათის სიმძიმეს ატარებს და დასჯადია. ამავდროულად, სახეზეა შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მათი მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა“ - აცხადებს ადვოკატი ლილი გელაშვილი.
მისი თქმით, ინციდენტები, რომელსაც ისინი ასაჩივრებენ, ცალსახად პოლიტიკური ნიშნითაა განპირობებული და პროვოკაციულ ნიშნებს ატარებს.
„შემდგომში მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება სს კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლების თანახმად“ - ლილი გელაშვილმა.
კოალიციის ინფორმაციით, ფოთის პოლიციის და პროკურატურის პარალელურად, საჩივარი საქართველოს მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას გადაეგზავნება.

















