ადვოკატების განცხადებით, მოქალაქე ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ირაკლი აგლაძის სასამართლო პროცესი მტკიცებულებების გაყალბებით მიმდინარეობს.
ამის შესახებ დღეს საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე ირაკლი აგლაძის ადვოკატებმა მალხაზ ჯანგირაშვილმა და დავით კორკოტაშვილმა განაცხადეს.
როგორც ჯანგირაშვილმა აღნიშნა, ბრალდების მხარემ 1 აგვისტოს მტკიცებულებათა წარდგენა დაასრულა, ხოლო დღეს მტკიცებულებებს და დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე წარადგენს.
ადვოკატის თქმით, სასამართლო პროცესზე ადგილი ჰქონდა მტკიცებულებათა გაყალბებას და ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობის საქმე ხელოვნურად სამად გაიხლიჩა - დავით რუსიშვილის, ირაკლი აგლაძის და ივერი გოგბერაშვილის საქმეებად.
ჯანგირაშვილის თქმით, ამ ფანდის რეალური მიზეზი ის გარემოებაა, რომ ერთიანობაში არ ყოფილა წარდგენილი ბრალდების მხარის მტკიცებულებები.
ადვოკატის თქმით, სასამართლომ წინა სხდომაზე არ მიიღო დაცვის მხარის მიერ საგამონაკლისო წესით წარდგენილი მტკიცებულება - რუსიშვილის სასამართლოს სხდომის ოქმი, რითაც დასტურდებოდა, რომ მკვლელობის დროს ადგილი ჰქონდა ორმხრივ სროლას, ხოლო რუსიშვილის პროცესზე დაკითხული ექსპერტების ჩვენების თანახმად, ტარყაშვილს ორივე ხელზე იარაღიდან გასროლის კვალი აღენიშნებოდა.
ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მიერ ხაზგასმული იქნება ის წინააღმდეგობები, რასაც მოწმეთა ჩვენებებში აქვს ადგილი.
ჯანგირაშვილის მტკიცებით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მოწმეების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებით ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდნენ.
ამასთან, ადვოკატის თქმით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორი იარაღიდან მკვლელობა ვერ მოხდებოდა, რადგან გარდაცვლილის სხეულზე არსებული ნატყვიარები გაცილებით დიდი ზომისაა.
დღევანდელი პროცესი შესაძლოა, ირაკლი აგლაძის საქმეზე საბოლოო აღმოჩნდეს. იმ შემთხვევაში თუ, სასამართლო აგლაძის გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ადვოკატები მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ზურაბ ტარყაშვილი 2011 წლის 17 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მოკლეს. მას თავდამსხმელებმა 11 ტყვია ესროლეს, მათ შორის ერთი საკონტროლო.
2010 წლის მარტში, გრიბოედოვის ქუჩაზე 21 წლის სანდრო გოგბერაშვილი მოკლეს. ზურაბ ტარყაშვილი სწორედ ამ დანაშაულში მონაწილეობისთვის, ხულიგნობის ბრალდებით სასჯელს იხდიდა და საპატიმრო მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე დატოვა. ერთ-ერთი ვერსიით, ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობა სანდრო გოგბერაშვილის მამამ შურისძიების მოტივით დაგეგმა.
ტარყაშვილის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული, 1992 წელს დაბადებული დათო რუსიშვილი დააკავეს.
გამოძიების მტკიცებით, ნარკოტიკული დანაშულისთვის პირობით მსჯავრდებული, 53 წლის ივერი გოგბერაშვილი, ამავე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პრობაციონერს - 19 წლის დათო რუსიშვილს და 23 წლის ირაკლი აგლაძეს დაუკავშირდა, რომელთაც ზურა ტარყაშვილის მკვლელობა დაგეგმეს და განახორციელეს.
სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის და იარაღის უკანონო ტარებისთვის დავით რუსიშვილს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

















